შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1964 წელს დაბადებული რ.ჩ და წარსულში ნასამართლევები - 1957 წელს დაბადებული ჯ.ნ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ. და 1977 წელს დაბადებული ა.ბ.
"პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკები. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია "ჰეროინის", "კოდეინის" და "მორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალებები", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.