"ფორმულას" ჟურნალისტი, ნანო ჩაკვეტაძე გუშინ მომხდარ თავდასხმის ფაქტს იხსენებს, რა დროსაც 2 ოპერატორი სცემეს და დაზიანებები აქვს ჟურნალისტსაც.
"ველინჯარაშვილი ვარ დავითი, გადავიხდი მაგ ჯარიმას. დამაკავონ... ვის ელაპარაკებით ვაფშე აზრზე ხარ?" - ისმის ჩანაწერში თავდამსხმელის ხმა, რომელიც ადგილზე მყოფებს შეურაცხყოფას აყენებს.
"ლოგოს დანახვისას, როგორც კი დაინახა "ფორმულას" ლოგო, იმ წამიდან დაიწყო დამცინავი და შეურაცხმყოფელი რეპლიკები, პირველად ჩემი მისამართით. ხალხი იყო, იქ იყო ჩემი რესპონდენტი, რომელიც დაძაბული იჯდა, ვერც კი ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, გარდა იმისა, რომ იქნებ დამშვიდდეს და გაჩერდეს.
არ დამშვიდდა, არ გაჩერდა, პირიქით, უფრო აგრესიული გახდა, წამოდგა ფეხზე, დამიწყო ყვირილი, მომიქნია ხელი, მეუბნებოდა, რომ უნდა გახვიდე აქედან იმიტომ, რომ "ფორმულას" ადგილი აქ არ არის. ორ ჩემ ოპერატორს გაუსწორდა, გაუჩერებლად სცემდა ორივეს", - ყვება ჟურნალისტი.
თავდამსხმელი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
ცნობისთვის, გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ზუგდიდში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსაც. ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავს "ალტ-ინფოს" ოფისთან დაესხნენ.