
ვახო ჭუმბურიძის არასრულწლოვანი შვილის მიმართ მუქარასა და ადევნებაში ბრალდებულ პირს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული როკო ნემსაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და Instagram -ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.
მათივე ინფორმაციით, რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს ნემსაძე საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.
პროკურატურამ ბრალი რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნებას და მუქარას გულისხმობს.
ცნობისთვის, 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.