ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პაქსლოვიდის პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. სამინისტროს ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.
"პაქსლოვიდი COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან",- წერია განცხადებაში.
პაქსლოვიდით მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.
უწყების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ. პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.
COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში.