
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კიდევ ერთ IT კომპანიაში შევიდა. ორშაბათს ფინანსურმა პოლიციამ Apollo 11 დალუქა. კომპანიის ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებით დალუქულია ყველა კომპიუტერი, ოფისში ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს დოკუმენტები და თანამშრომლები სახლებში გაუშვეს.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურს კომპანია შეცდომით, მათივე შენობაში მდებარე "ქოლ ცენტრის" ნაცვლად დალუქა.
"ჩვენს შენობაში, სადაც იჯარით გვაქვს აღებული ფართი, ასევე იჯარით ჰქონდა აღებული ფართი ე.წ. ქოლ ცენტრს, რომლებიც როგორც ირკვევა იყვნენ ფინანსურ მაქინაციებში ჩართული. [...] სანამ სასამართლოს განჩინებით მოვიდოდნენ ოფისის დასალუქად მანამდე იყვნენ გამომძიებლები მოსულები და გვეკითხებოდნენ რას ვსაქმიანობდით. ავუხსენით დეტალურად რასაც ვაკეთებდით თუმცა რამდენიმე დღეში მოვიდნენ სასამართლოს განჩინებით და დაგვლუქეს. რეალურად ჩვენს შენობაში არსებული ქოლ ცენტრი 1 თვის წინ დაიხურა, ისინი სადღაც გაქრნენ და ჩვენ გავხდით ამ ყველაფრის მსხვერპლი", - წერს კომპანიის ტექნიკური დირექტორი, ზურა სეხნიაშვილი.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აპოლოს წარმომადგენლებმა დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ თუ კომპანია შეცდომით დაილუქა მათ საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობა სწრაფად უნდა მისცენ, ასევე დაკითხონ კომპანიის თანმიყოლებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ შენობაში "ქოლ ცენტრი" მუშაობდა.
ცნობისთვის, ხელისუფლება იძიებს ე.წ. "ქოლ ცენტრების" საქმეს, რომლებიც შესაძლოა ტრანსნაციონალურ დანაშაულში იყვნენ ჩართულები.