საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, იმედა დარსალია მაუწყებელში არსებულ "შავ სიებზე" საუბრობს და დაბლოკილი რესპოდენტების გვარებს ასაჯაროებს.
მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ პრესკონფერენცია გამართა და იმ ადამიანების სახელები წაიკითხა, რომლებიც, მისი თქმით, ამ სიაში იყვნენ შეყვანილი:
"რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
ალექსი პეტრიაშვილი;
თინა ხიდაშელი;
ლაშა ბაქრაძე – ისტორიულ, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე ;
ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი ეკა აკობია;
კავკასიოლოგი, თსუ-ის პროფესორი, არაპარტიული – ლელა ჯეჯელავა;
დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა;
ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო;
რაც შეეხება თემებს ამ ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობს, უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში; დაიბლოკა ბელარუსის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია – ვციტირებ.ეს ერთი ნაწილია კონკრეტული ჟურნალისტის „შავ სიაზე“, სხვა ჟურნალისტებზე ახლა ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა იმედა დარსალიამ.
მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში დაბლოკილი იყო პოლიტიკა, რომელიც „დიდი მცდელობის“ შემდეგ დაბრუნდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.
ჟურნალისტები მიმართავენ სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენისა და შრომით საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე: