პოლიციამ 13 პირი დააკავა, რომლებიც კლუბებში ტურისტებს შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი დააკავა, რომლებიც უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს.

"პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა: სომხეთის მოქალაქეები - 1997 წელს დაბადებული ა. ა., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ., ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 1998 წელს დაბადებული ნ. გ., 1982 წელს დაბადებული ხ. ბ., 2001 წელს დაბადებული ლ. წ., 1995 წელს დაბადებული თ. შ., 1991 წელს დაბადებული ვ. კ., 1996 წელს დაბადებული მ. გ., 1999 წელს დაბადებული ე. მ., 1987 წელს დაბადებული ნ. თ., 1999 წელს დაბადებული ნ. დ., 1999 წელს დაბადებული ნ. ხ.

მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში - „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან - ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან - ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.

"სამართალდამცველებმა, კლუბი "როიალის" ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები - 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი .

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი