
ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა.
ალექსანდრე არჩვაძემ, მოსამართლე ქეთევან ლუაშვილს განუმარტა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასჯელაღსრულებას კლინიკაში გაურკვეველი მიზეზებით არ გადაჰყავს, რამაც შესაძლოა მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ასე ჯალათურად გვექცევიან , გვალპობენ... მე ხომ არ ვითხოვ რამე ფუფუნების საგანს, 9 თვეა ვუსმენ პროკურატურას ერთი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა, რომელიც ჩვენს რაიმე ბრალდებულებას დაამტკიცებდა." - ამბობს ბრალდებული.
არჩვაძის ოჯახის წევრებიც და უფლებადამცველებიც მოითხოვენ, რომ ბრალდებული კლინიკაში დროულად გადაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე არჩვაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ისინი სასჯელაღსრულებას დააკისრებენ. ახლობლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.