ლილუაშვილის "მძიმე სულიერი ტკივილი" - ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლოში "მთავარის" პროდიუსერს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ "მთავარი არხის" შუამდგომლობები დააკმაყოფილა. საუბარია დამატებითი მტკიცებულებების წარდგენაზე, ასევე, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის გამოკითხვაზე.

თეო გილიგაშვილი მომდევნო სხდომებზე სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას, რა ვითარებაში უწევთ "მთავარი არხის" ჟურნალისტებს სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა.

დღეს სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო. ის "მთავარ არხს", "ფორმულასა" და ლევან ხაბეიშვილს ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში უჩივის და თვლის, რომ ცილისწამების მსხვერპლია.

ხაბეიშვილის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას ითხოვდა მისი ადვოკატი, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 
ლილუაშვილის ადვოკატს დღეს შუამდგომლობა არ ჰქონია.

"მთავარი არხის იურისტი ამბობს, რომ საქმის განხილვა დაჩქარებული რეჟიმში მიმდინარეობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოსამართლეს "საქმის ბედი" გადაწყვეტილი აქვს:

"ამ მოსამართლეს ჩვენი სხვა საქმეებიც აწერია, რომელიც უფრო ადრე შევიდა სასამართლოში, მაგრამ რატომღაც ყველაზე ბოლო საქმეს იხილავს დაჩქარებული ვადით, სამწუხაროდ, ცუდის მანიშნებელია ეს" - ამბობს თამთა მურადაშვილი.

მედიის წარმომადგენლების გარდა, საქმის პოლიტიკურობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც - "ეს არის ცალსახად პოლიტიკური პროცესი, რომელიც ერთადერთ რამეს ემსახურება, ბოქლომი პირზე ყველას, ვინც აკრიტიკებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში" - ამბობს ხაბეიშვილი. 

სარჩელში, რომლითაც ლილუაშვილმა სასამართლოს მიმართა, წერია, რომ ე.წ ქოლ- ცენტრებზე მომზადებული რეპორტაჟების ეთერში გასვლის შემდეგ, ლილუაშვილმა განიცადა "მძიმე სულიერი ტკივილი".

გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით ირკვევა, რომ თავად სუს-ის უფროსი სასამართლოებზე სიარულს არ აპირებს - "მის სათქმელს ვიტყვი მე" - ამბობს ადვოკატი. 

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 აპრილს გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი