
10 თვის შემდეგ 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. დღეს გახდება ცნობილი გაუშვებენ თუ არა მოძალადეებს ციხეში. დაკავებულებიდან ბრალს ამ დრომდე არცერთი აღიარებს.
5 ივლისის საქმეზე განაჩენები დღეს ერთმანეთის მიყოლებით, 11:00, 13:00-ზე და 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოს სხვადასხვა დარბაზში გამოცხადდება.
"რა მოლოდინი უნდა მქონდეს მე, როგორც დაზარალებულ ჟურნალისტს, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანი ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა და მხოლოდ 1 ადამიანია დაკავებული?",- ამბობს Formula-ს ჟურნალისტი, რატი წვერავა.
პარალელურად 3 საათზე ჟურნალისტები აქციას გამართავენ - "ლექსოს სახელით და ლექსოსთვის!"
"მოსამართლე ნინო ელიაშვილმა უნდა შექმნას პრეცედენტი, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც ძალადობს და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. დაისჯებიან ისინი, მაგრამ შემდეგი ეტაპი არის სტრასბურგი. სტრასბურგმა უკვე მიიღო ჩვენი საქმე წარმოებაში და მე ლექსოს შევპირდი",- ამბობს TV PIRVELI-ის ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.
ამასთან, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.