მუხთარლის გატაცება - საქმეზე ბრალი ამ დრომდე არავისთვის წარუდგენიათ

გამოქვეყნდა:

2017 წლის 29 მაისს, მაშინ როდესაც აფგან მუხთარლი საქართველოდან გაქრა და აზერბაიჯანში აღმოჩნდა, დავით ნიკოლეიშვილი სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო. სამი წლის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე პირველად საუბრობს. "მთავარს" არ ეუბნება, რისი სჯერა, ჟურნალისტი გაიტაცეს თუ აზერბაიჯანში თავად გადავიდა. ამტკიცებს, რომ ბევრი არაფერი იცის, უფლებამოსილება კი ამ საქმის გამო, საკუთარი სურვილით შეიჩერა.

უფლებამოსილება ივლისში შეუჩერდა, მერე აღარ აღადგინეს. მისი წასვლიდან, რამდენიმე თვეში პოსტიდან გაუშვეს ნიკოლეიშვილის ახლო მეგობარი, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც. უფრო მანამდე კი, მუხთარლის გატაცებამდე ერთ კვირით ადრე, ნიკოლეიშვილმა გენერლის წოდება მიიღო. თანამდებობრივად ეკუთვნოდა, თუმცა დღემდე არსებობს ეჭვი,რომ ეს წოდება მეგობარ მინისტრთან გარიგებით მიიღო - აჩუქა უძრავი ქონება. დავით ნიკოლეიშვილის მამა მშენებელია. ამირან ნიკიოლეიშვილის სახელზე უამრავი ბინაა რეგისტრირებული. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთი მათგანი გიორგი მღებრიშვილმა საჩუქრად მიიღო, გენერალმა უარყო.

მაშინაც და ახლაც ყველა თვლის, რომ ამ ორი ადამიანის თანამდებობა აფგან მუხთარლის საქმეს შეეწირა. ყველა, მათ შორის, ქართული თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მთელს მსოფლიოში გამოთქვამდა ეჭვს, რომ მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ ქვეყანასთან შეთანხმებით გაიტაცა და მათ გადასცა. ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ამ საქმეში ქართველი მაღალჩინოსნების ხელი ერია, ჟურნალისტის გატაცებაში კი ძალოვანი უწყებების როლი ძალიან დიდი იყო. 

მუხთარლი ყვება, რომ მისმა თანხმლებმა პირებმა მანქანა ორჯერ შეიცვალეს.  ბოლო ავტომობილი არსად გაჩერებულა, საზღვარიც მისი მტკიცებით, კონტროლის გარეშე გაიარეს და თვალებიდან სახვევი, რომ მოხსნეს უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. 

ბრალდებების ადრესატს  "მთავარმა არხმა" კითხვა დაუსვა, რომელი უწყების ავტომობილს შეუძლია გაიაროს საზღვარი შეუმოწმებლად და არის თუ არა საზღვრის კონტროლი სასაზღვრო პოლიციის ვალდებულება. 

სასაზღვრო პოლიციის მაშინდელი უფროსი ამბობს, რომ მუხთარლის საქმესთან მის უწყებას კავშირი ვერ ექნებოდა, ვერც მას ეცოდინებოდა, რამე ამ საქმეზე. "მთავართან" ინტერვიუს დროს ბევრჯერ ახსენა, რომ ქვეყნის ინტერესები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

მუხთარლის საქმე მესამე წელია პროკურატურაში დევს. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე არავისთვის წარუდგენიათ ბრალი, დამნაშავე არ უპოვნიათ, არავინ დაუსჯიათ. ამბობენ,რომ გამოძიება მიმდინარეობს. არადა აფგან მუხთარლი ქართველ სამართალდამცველებს უკვე რამდენიმე თვეა სთხოვს, რომ დაკითხონ. ამბობს, რომ აქვს სანდრო ინფორმაცია მის გატაცებაში სამი მილიონი დოლარის გადახდის შესახებ. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცხოვრობდა და ალიევისა და საქართველოს  ხელისუფლების გარიგებებზე ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა. 2017 წლის მაისში თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა, მის კვალს რამდენიმე დღეში აზერბაიჯანის ციხეში მიაგნეს. მეზობელი ქვეყნის ძალოვანებმა მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეთის, 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სამი თვის წინ ციხეში მიაკითხეს, უთხრეს, რომ თავისუფალი იყო, თვითმფრინავში ჩასვეს და ოჯახთან გერმანიაში გაუშვეს.

აფგან მუხთარლის საქმე ბურუსით არის მოცული. არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, პასუხი როდის იქნება არავინ იცის. ჟურნალისტის გაუჩინარების საქმე უკვე დევს სტრასბურგის სასამართლოში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი