
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულები თანამშრომელი მხილებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
უწყების ცნობით, მან კამერებისგან თავის არიდების მიზნით ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა, დაუწყო საქმის გარჩევა, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც ის შეაკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალო დეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა.
ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება", - წერია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს რუსთავის მე-12 ციხის დატოვების დროს ერთ-ერთი თანამშრომელი თავს დაესხა. მან ჯერ მესამე პრეზიდენტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ადვოკატს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. არსებობს მომხდარის აუდიოჩანაწერიც.