
თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის შეურაცხყოფისთვის ბრალდებულ პენიტენციური სამსახურის ყოფილ ინსპექტორს 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარე გიორგი გიუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
"ბრალდებული ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა, თუმცა ბრალდება არ უღიარებია. ბუნებრივია, ჩვენ, ბრალდების მხარე, დაველოდებით სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით", - თქვა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ.
ყოფილ ინსპექტორს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედავებოდა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.