
უკრაინელი ქალი ამბობს, რომ 2022 წლის იანვარში, ბათუმში, ძველით ახალი წლის ღამეს გააუპატიურეს. ის დაახლოებით ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს და დღემდე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. ამ თემაზე დღეს პრესკონფერენცია გამართა "საფარმა".
ბაია პატარაია ამბობს, რომ ქალი ძველით ახალი წლის აღსანიშნავად იმყოფებოდა, მიაღებინეს მისთვის უცნობი ნივთიერება, გადაიყვანეს სხვა ადგილას, ამ მომენტიდან კი მას მომხდარი დეტალურად აღარ ახსოვს.
"ფრაგმენტულად ახსოვს გაუპატიურების მომენტები, ისიც არ იცის ერთი ადამიანი იყო თუ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა გაუპატიურებაში. როდესაც აზრზე მოვიდა, იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები და უკვე მეორე დღეს, 16-ში მიმართა პოლიციას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დღემდე არ აქვს ამ ქალს დაზარალებულის სტატუსი", - ამბობს პატარაია.
დაზარალებული ქალი "საფართან" ყვება, რომ მეორედ გამოკითხვის დროს არ ჰყავდა თარჯიმანი და არ იცის რას მოაწერა ხელი, რადგან ტექსტი ქართულად იყო შედგენილი. იმის გამო რომ მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს "საფარს" არ აქვს საშუალება გამოძიების მასალებს გაეცნოს.
ქალი ამბობს, რომ ხშირად ხედავს იმ მოძალადეს, რომლის ამოცნობაც შეუძლია და საქმეში შემაკავებელი ორდერიც არ არსებობს.
"ქალს აქვს შიში, როდესაც ხედავს ამ მოძალადეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება და მის საცხოვრებელთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს. ეს დამოკიდებულება სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალების მიმართ არაფერი არაა, თუ არა დისკრიმინაცია", - ამბობს ის.
"საფარში" ამბობენ, რომ 3 კვირის წინ ოფიციალურად მოითხოვეს ქალის დაზარალებულად ცნობა, თუმცა პასუხი არ აქვთ.