ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - საქართველოს პროკურატურა ისევ დუმს

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვანი ბავშვების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალის საქმის მთავარი მტკიცებულებები მხოლოდ ბრალდებულებსა და საგამოძიებო უწყებებს ჰქონდათ, ახლა კი ის ღია ინტერნეტ-სივრცეში ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ინტერნეტში ქართველ ბაშვებს სახელები შეცვლილი აქვთ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია. მასალაში კარგად ჩანს სახეები. არის შემთხვევები, როდესაც ბაშვები კამერის წინ მარტო პოზირებენ, რიგ შემთხვევაში კი ეროტიული შინაარსის ფოტოსესიები რამდენიმე ბავშვის მონაწილეობით არის ატვირთული.

ვიდეო კადრებში, რომლებიც დაფარვის გარეშე რთული სანახავია და მძიმე დანაშაულის  პირდაპირი მტკიცებულებაა, ვხედავთ, რომ მცირეწლოვანი გოგონა, საცვლებითა და შემდგომ უკვე შიშველი ბილიარდის მაგიდაზე პოზირებს. ამ ვიდეო ფაილის გაშიფვრის შედეგად "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად ის კონსპირაციული ბინა აღმოაჩინა, სადაც დანაშაული მოხდა და რომელზეც აქამდე საუბარი არსად ყოფილა. პენთჰაუსი, რომლის ინტერიერი ვიდეოზე კარგად ჩანს, თბილისში მდებარეობს. დანაშაულის კვალს დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მივყავართ. ყველაზე მაღალ სართულზე განთავსებული ბინა, რომელიც აქამდე დღიურად ქირავდებოდა, ამჟამად დაკეტილია.

პენტჰაუსის მეპატრონემ არ იცის, რომ დანაშაული მის ბინაში მოხდა. იგი გვიამბობს, რომ საგამოძიებო უწყებებს ამ ხნის განმავლობაში არ დაუკითხავთ.

საქმის მასალებში, რომელიც არა ქართულმა საგამოძიებო უწყებებემა, არამედ ავსტრალიურმა მხარემ გამოიძია, ეს პენთჰაუსი, როგორც დანაშაულის ადგილი, მოხსენიებულია.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა საქმე გახსნა და ავსტრალიის კიბერ უსაფრთხოებამ დანაშაულის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა ე.წ. შავი ქსელიდან გააქრო, მთავარი მტკიცებულებები ხელმისაწვდომი მხოლოდ ბრალდებულებისთვის, საქართველოს პროკურატურისა და ავსტრალიური საგამოძიებო უწყებებისთვის იყო. ინტერნეტის ბნელი მხარის, ე.წ. "დარქნეტში" განთავსებული პორნოგრაფიული მასალის გადმოწერა პედოფილებს საკმაოდ მაღლი რეზოლუციით შეეძლოთ. 

საგამოძიებო ორგანოებს ე.წ "დარქ ნეტის" მომხმარებლების ვინაობის დადგენა არ შეუძლიათ, რადგან ინტერნეტის ბნელი მხარე არანაირ პერსონალურ მონაცემს არ შეიცავს და ვაჭრობაც ელექტრონული ფულით, ბიტკოინებით ხდება. მოხვდა თუ არა პედოფილებისგან მასალა ღია ინტერნეტ სივრცეში, ამაზე სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. თუმცა ფიქრობენ, რომ ეფექტური გამოძების შედეგად უკვე ღია სივრცეში განთავსებული მასალის მისამართების დადგენა შესაძლებელია და ამაზე მუშაობაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შედეგები ყოველ წამს ფართოვდება, საქართველოს პროკურატურა ამაზე უბრალოდ დუმს, ისინი არც საჯარო განცხადებებს აკეთებენ და არც ჩვენს კითხვებს პასუხობენ, მუშაობს თუ არა კიბერუსაფრთხოების განყოფილება, რათა არაკანონიერი მასალები ინტერნეტიდან წაიშალოს. შედეგად, ფაქტობრივად ყველა მცდელობა, რომ არასრულწლოვნების დაცვა მოხდეს, უშედეგოა.

ბავშვთა ექსპლუატაციის მასალის შემცველი საიტის ანალიზისას კვინსლენდის პოლიციის გამომძიებლებმა პორნოგრაფიული შინაარსის დიდი რაოდენობის ფოტო და ვიდეო მასალა შეისწავლეს. სხვადასხვა საიტებიდან 23 არასრულწლოვანის 68,951 ფოტო და 568 ვიდეო გადმოიწერეს. მასალის თავდაპირველი ფასი ერთი კომპლექტისთვის შეადგენდა 20-30 აშშ დოლარს, რაც თითქმის 600 კომპლექტის არსებობის პირობებში, დაახლოებით, 15,000 აშშ დოლარს შეადგენს, თუ ფოტოგრაფი თითოეული კომპლექტიდან მხოლოდ ერთს გაყიდიდა.

არავინ იცის, როგორ გააგრძელებენ უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი ბავშვები ცხოვრებას. მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში მათთან სოციალური მომსახურების ფსიქოლოგებიც კი არ მუშაობენ.

ავსტრალიაში საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამერიკელი ფოტოგრაფი კარლ უილიამსი, რომელიც ქართველ მშობლებს დანაშაულში აბამდა, დაკავშირებული იყო არა მხოლოდ მაია ცერცვაძესთან, ვის სახლშიც ცხოვრობდა, არამედ ავსტრალიელ ფოტოგრაფ პოლ გრეგოლ ლეჰმანთანაც. ლეჰმანის შესახებ უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, იგი შეიძლება ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი უილიამსის მიერ გადაღებული სურათების გაყიდვებზე.

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თავდაპირველად, სანამ უილიამსი მარტო დაიწყებდა მუშაობას, ორივე მათგანი დაკავშირებული იყო აშშ-ს სხვა მოქალაქესთან დენიელ სალივანთან, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს. ერთობლიობაში, პარტნიორების მიერ გაყიდული სურათებით მიღებული შემოსავალი, სავარაუდოდ, 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

ავტორები: ნანი სისვაძე, გიორგი დულარიძე, გელა ყაველაშვილი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი