მკვლელობა "ლაგუნა ვერესთან" - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ცნობით, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 2 პირს პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება "ლაგუნა ვერესთან" მომხდარ 2 ადამიანის მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის საქმეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, კოსტავას პირველ შესახვევში, "საგზაო კომპანია თბილისის" ოფისში ერთ-ერთ ოთახში კომპანიის დირექტორთან გ.ქ-სთან და მის მეგობართან ვ.გ-სა და კ.ქ-სთან სასაუბროდ მათი ნაცნობები, პირადი დაცვის წევრები, თანმხლებ პირებთან მივიდნენ.

"შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

აღნიშნული დაპირისპირების დროს, პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ბ.-მ და გ.მ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს", - წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ა.ბ.და გ.მ. 8 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 7 პირს წარედგინა და მათ მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ასევე, 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი