
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ტაქსის მძღოლი დააკავეს. გუშინ ოთარ აბესაძემ გავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ტაქსის მძღოლმა ლატვიის მოქალაქეები გაიტაცა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს", - წერია უწყების განცხადებაში.
ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.