
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი 1983 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს - "კანონიერი ქურდობისთვის", 1988 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს - "ქურდული სამყაროს წევრობისთვის", ხოლო 1989 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის. რაც შეეხება 1983 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს, მას ბრალი "ქურდული სამყაროს წევრობისთვის" პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე დ.უ.-ს მიერ ერთ-ერთ ონლაინკაზინოში 216 963 ლარის მოგების შესახებ. მათ, სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. „ქურდული სამყაროს" წევრი დ.ჯ. დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ, „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ.-ს და „კანონიერ ქურდ“ ლ.ჩ.-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დ.უ.-ს ონლაინკაზინოში მოგებული თანხის ნაწილი მისი მითითების გარეშე არ უნდა განეკარგა.
ამის შემდეგ, დ.უ.-ს „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებმა - ლ.მ.-მ და გ.ყ.-მ „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა დაუდასტურეს და მას მფარველობას დაჰპირდნენ, რითაც მხარი დაუჭირეს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.