
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 908 ადამიანია. დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია კიდევ ექვსი ადამიანი. განახლებული ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ორი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 41 წლის ქალი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდ ცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს; ორი ახალი პაციენტი იმპორტირებული შემთხვევებია და ბოლო პერიოდში ყველა ახალი პაციენტის წყარო ცნობილია. ეზუგბაია ამბობს, რომ ბოლო სამ დღეში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველა საშუალო და საშუალოდ მსუბუქია.
საქართველოში ამ დროისთვის სულ კოვიდ 19-ის 908 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 761 და გარდაიცვალა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2.710, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 269 ადამიანი.
კორონავირუსის სტატისტიკა: