დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლზე, მცირეწლოვან შვილსა და ცოლის დედაზე იძალადა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2 000 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, რომელიც მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და მოკვლით ემუქრებოდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მცირეწლოვან შვილსა და ცოლის დედასაც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა -126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი