ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი.

თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დააკავეს: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ. მ., 1963 წელს დაბადებული გ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ნ.ქ.

ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის: 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ა., 1983 წელს დაბადებული ე.მ. და 1979 წელს დაბადებული ნ. ა.

ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებულია 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.რ.

"სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული თ.რ.-ის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ". პოლიციამ, ნ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია პოლიეთილენის 2 პარკში შეფუთული, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", ასევე, 8 საბრძოლო ვაზნა და სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული - 1800 აშშ დოლარი და 1700 ლარი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული ე. მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია "ჰეროინის" შემცველი 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

შ. ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ზომის 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი