19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ

გამოქვეყნდა:

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ოთხდღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა გარდაცვლილის გვამი წყალში, მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ექსპერტიზა დაადგენს, თუ რა გახდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაქარაშვილი მეგობართან ერთად ქალაქგარეთ, დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მოხდა დაპირისპირება. გარდაცვლილი მეგობართან ერთად კონფლიქტს გაერიდა, თუმცა მათ მანქანით აედევნენ და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქმეში ფიგურირებს ორი ავტომანქანა, რომელთა მძღოლებიც წვეულებაზე არ ყოფილან და ადგილზე, სავარაუდოდ, დასახმარებლად მივიდნენ. თუმცა, უცნობია, დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომელ მხარეს ეხმარებოდნენ. ერთ-ერთი მანქანა უკვე გადაყვანილია ექსპერტიზაზე.

აღსანიშნავია, რომ გიორგისა და მის მეგობარს, რომელიც საქმის "ოქროს მოწმედ" მიიჩნევა, ჩხუბში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ.

ოჯახის ახლობელი ნიკა ჯაჭვაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა გარდაცვლილის მეგობარი მანქანაში ჩაისვეს და თბილისში წაიყვანეს. შაქარაშვილის კვალი სწორედ მას შემდეგ დაიკარგა .

სავარაუდო ვერსიები ვიცით ჩვენც, რომ იქ იყო ძალიან დიდი დაპირისპირება და ბევრი ადამიანი გაილახა, - განმარტავს ჯაჭვაძე.

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ავტომანქანის მფლობელების ადვოკატი მუხრან ღურწკაია კი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფნი მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ და მომხდართან არანაირ კავშირში არ არიან.

ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანა მიმდებარე ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, - ამბობს ღურწკაია.

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი ორივე დაპირისპირებული ჯგუფიდან. ასევე დაიკითხა 10-ზე მეტი პირი. როგორც ცნობილი ხდება, ინცინდენტის შედეგად, ასევე 10-ზე მეტი ადამიანია ნაცემი. საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი