
21 წლის ჯარისკაცმა სენაკის ბაზაზე, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. დაღუპული საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა. ის სამორიგეო ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა მომხდარის მიზეზი ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიით, ჯონი ახალაიამ თავი ტაბელური იარაღიდან მოიკლა. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ნათესავები ამბობენ, რომ ოჯახს თვითმკვლელობის არ სჯერა და ფაქტს გაუფრთხილებლობით უბედურ შემთხვევად განიხილავენ.
გარდაცვლილს თავის არეში 1 ტყვია აქვს მოხვედრილი. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ამ დროისთვის საკუთარ სახლშია გადასვენებული.
"ბაზაში მოხდა, მორიგე ყოფილა იმ საღამოს. ღამის 2 საათზე ბიჭებმა ხუმრობდნენო, მერე ადგა 5 წუთში მოვალო და თავი მოუკლია საწყალს",- ამბობენ ადგილობრივები.
მეზობლები, ასევე, ამბობენ:" არ მჯერა თვითმკვლელობის, ეს ბავშვი რომ თავს მოიკლავდა. გაუვარდა ალბათ იარაღი. ოჯახს აჩვენეს კადრები საგუშაგოზე რომ დგას ეს და ამოწმებს ტერიტორიას. გაიწია და გასროლის ხმა. მივიდნენ და ნახეს"
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
ავტორი: ემა გოგოხია