
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში უბნის ინსპექტორს, 22 წლის გიორგი დედაბრიშვილს სცემეს. მას ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ცემაში მოქმედი პოლიციელიც მონაწილეობდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, დღის საათებში, დედაბრიშვილის სახლის წინ მოხდა. "მთავარის" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ დედაბრიშვილმა რამდენიმე დღის წინ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, პირს ჯარიმა გამოუწერა.
ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელიც მონაწილეობდა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია. სახელდება ჩხუბის ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტიც - შაკო ლაჩაშვილი, თუმცა არც ადგილობრივები და არც ნაცემი დედაბრიშვილის ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 353 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავთან მიმართებაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობს. საქმეზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული.
ავტორი: ია გულიაშვილი.