23 წლის გატაცებული მწყემსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი მიწიდან რუსი მესაზღვრეები ისე იტაცებენ, რომ მათი ბედით ხელისუფლება აღარც კი ინტერესდება. 23 წლის დავით ვარდოშვილი, რომელიც ყადორის მთაზე საქონლის მწყემსვისას დაკავეს, უკვე ათი დღეა, ოკუპანტი სამხედროების ტყვეობაში რჩება.

მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მათ შორის, ინცინდენტზე რეგირება არ ჰქონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლის პირდაპირი ვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. დაღესტანის საზღვართან მომხდარი ინციდენტით სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გატაცების დეტალების გარკვევა "მთავარმა არხმა" დაიწყო. 

13 ივნისს დავით ვარდოშვილი მეგობართან ერთად ყადორის მთაზე საქონელს მწყემსავდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მკვიდრი საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს,  საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურებმა მოქმედება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ამბავი "მთავარმა" გაახმაურა. მანამდე  23 წლის ახალგაზრდის გასათავისუფლებლად არავის არაფერი გაუკეთებია. 

დავით ვარდოშვილის გატაცების დეტალები ადგილობრივებმა მისი მეგობრის, ლევან ბაწილაშვილისგან იციან. ბაწილაშვილმა შეძლო და რუს მესაზღვრეებს გამოექცა. იგი მოშორებით მდგარა, როდესაც რუსი სამხედროები შენიშნა. მასაც გამოეკიდნენ, თუმცა გაქცევა მოასწრო. 

საქართველო-დაღესტნის საზღვარი ქედზე გადის. ქედის ერთი მხარეს რუსეთი, დაღესტანის ავტონომიური ოლქია, მეორე მხარეს კი საქართველოს ტერიტორია. საზღვარზე არანაირი აღმნიშვნელი ნიშანი არ დგას. არ არის არც ღობე და ქართველი მესაზღვრეებიც საზღვრიდან საკმაოდ შორს დგანან. ამიტომ, ადგილობრივები გვიყვებიან, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის ფაქტები საკმაოდ ხშირია. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი მესაზღვრეები საქართველო-დაღესტნის საზღვართან საქართველოს მოქალაქეს აკავებენ. გასულ წელს სოფელ შილდის მცხოვრები გაიტაცეს. 

ფაქტზე, რომ საქართველოს საზღვარი უკონტროლოა, საუბრობენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. რუსები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოდიან, იტაცებენ ადამიანებს და პასუხის გამცემი არავინ არის. არც საქართველოს საგარეო უწყება და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზრვრის დარღვევაზე არ რეაგირებენ. 

როდის გაათავისუფლებენ 23 წლის ახალგაზრდას, უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩო არიან ჩართულები. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი