
სისხლიანი გარჩევა ლანჩხუთში - პოლიციამ 4 ადამიანის დაჭრისთვის წარსულში ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული გ.პ. დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა რესტორანში დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, 4 კაცს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 მამაკაცს: 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, 1995 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.გ.-სა და 1981 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება", - წერია უწყების განცხადებაში.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.