პირს, რომელმაც ავტობუსში მგზავრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა, ბრალდება წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა, ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" და მე-5 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი