რა გახდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი - ამ კითხვას პასუხი ქიმიურმა და ჰისტოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს. პირველადი ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გუშინ, გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა მიიღო თუ არა გიორგი შაქარაშვილმა სასიკვდილო დაზიანებები სიცოცხლეში, ჯერ ისევ უცნობია.
საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელიც გუშინდელ ექსპერტიზას ესწრებოდა. გარდაცვლილის ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს, რადგან გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. სამართალამცველები კი ამ დრომდე კითხავენ გიორგი შაქარაშვილის მეგობრებს.
საქმის კვალიფიკაცია შეცვლის საკითხი გადაწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი. დასტურდება, რომ შაქარაშვილს სხეულზე გარკვეული დაზიანებები აქვს, თუმცა უნდა დადგინდეს, როდის არის ეს დაზიანებები მიღებული. დასკვნის პასუხი დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ იქნება.
დამთავრდა ცხედრის გამოკვლევა, აიღეს სათანადო მონაცემები ექსპერტებმა, რაც ლაბორატორიული კვლევებისთვის სჭირდება. კითხვის ნიშნები ბევრია, ვერსიები თავის დროს ბევრი იყო. ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა ისაა, რომ დადგინდეს სიმართლე, - ამბობს გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.
მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სამართალდამცავები პასუხებს მხოლოდ ყველა გამოკითხვის დასრულების შემდეგ გასცემენ.