ქარელის სოფელ დირბში, კვირას ღამით ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. ადგილობრივები "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობენ, რომ ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ 22 წლის ლექსო ნიადაგიშვილს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა.
ჩვენი ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები და სავარაუდო მკვლელი ამ დრომდე მიმალვაშია. სამართალდამცავები მათ კვალზე ჯერ ვერ გადიან. ბიჭი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.
"მთავარის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი არაა და ის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.