შსს-მ ყველა პირს, ვისაც აღნიშნულ საქმეზე რაიმე ინფორმაციას ფლობს, თანამშრომლობისკენ მოუწოდა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, კონფლიქტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა, საიდანაც შაქარაშვილის კვალი დაიკარგა.
დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შეხებაში მყოფი, დაახლოებით 50 პირი, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
თავდაპირველად გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქმეს ძალადობის მუხლი დაემატა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გამოძიება 19 ივნისს, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შეტყობინებინების შესვლისთანავე დაიწყო.