
5 მოქმედი მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი, ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე, თამარ ხაჟომია და მამუკა წიკლაური "ქართული ოცნების" მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი.
საქმე ეხება ცვლილებას მოსამართლის იძულებით მივლინებასთან დაკავშირებით:
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 37-ე პრიმა მუხლში ჩაიწერა, რომ თუკი ამა თუ იმ სასამართლოში დამატებითი მოსამართლის საჭიროება გაჩნდება („მოსამართლის ნაკლებობა, განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ან/და სხვა ობიექტური გარემოება“) და იუსტიციის საბჭოს მიმართვის შემდეგ, 5 დღის ვადაში, მივლინების მსურველი არავინ გამოჩნდა, მაშინ რომელიმე მოსამართლეს მივლინებაში იძულებით გაგზავნიან.
ეს ტერიტორიულად ძალიან შორს გაგზავნასთან ერთად, შესაძლებელია გულისხმობდეს ინსტანციის ცვლილებასაც - სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ანდა პირიქით.
მანამდე მოქმედი წესით, დაუშვებელი იყო სააპელაციო სასამართლოდან მოსამართლის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა (ანუ დაქვეითება), მისი სურვილის გარეშე.