გავრცელებული ცნობით, გია სურამელაშვილი გვიან ღამით დააკავეს. ინციდენტი რესტორან "მეგრულში" მოხდა, სადაც გუშინ ცნობილი მომღერლები, პროდიუსერ ჯიმი მაქაცარიას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გია სურამელაშვილსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს შორის შორის ინციდენტის მიზეზი რესტორნის მეპატრონის 1500 ლარით დაჯარიმება გახდა.
სურამელაშვილი და მისი მეგობრები ამბობენ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი გარკვეულ შელაპარაკებას, თუმცა დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.
არავისთან არ მომივიდა არანაირი შელაპარაკება, ჩემს თანამშრომლებს მოუვიდათ და გარედან ვუყურებდი მე, აივნიდან. მერე გავაჩერე პატრული სახლში რომ მივდიოდი და გადავეცი, რატომ მოხდა-მეთქი ეს. ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლემი, ჩემი მძღოლები და ჩემი დაცვა და მენეჯერები რატომ გააჩერეთ-მეთქი, - ამბობს სურამელაშვილი.
წვეულების ერთ-ერთი მონაწილე სოსო კავკავაშვილი კი იხსენებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი ადამიანი გადაიყვანეს, თუმცა იყო თუ არა მათ შორის გია სურამელაშილი, მისთვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაცია "მთავარმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრთანაც გადაამოწმა, თუმცა ისინი სურამელაშვილის დაკავების ფაქტს უარყოფენ და არც რესტორანში მომხდარ ინციდენტზე საუბრობენ.