5 000 დოლარად გაყიდული ჩვილი - დანაშაულებრივი სქემის დეტალები

გამოქვეყნდა:

ჩვილის მშობლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პირველ სამშობიარო სახლთან დააკავეს, სადაც ბავშვის დედამ 18 ივნისს იმშობიარა. ახალგაზრდა მშობლებმა საკუთარი შვილის გაყიდვაში ერთ-ერთი პირისგან 5000 დოლარი აიღეს. 

ოჯახი  მყიდველთან რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა. სამართალდამცავებმა უკანონო ქმედების სამი მონაწილე თანხის გადაცემის დროს აიყვანეს. 

დანაშაულის დღეს სამოქალაქო რეესტრში ბავშვის მყიდველი მამაკაცი ჩვილის მამად დარეგისტრირდა.  დაბადების მოწმობა აიღო, რის შემდეგაც ჩვილის მშობლებს 5000 დოლარი მანქანაში გადასცა. გარიგება კლინიკის დატოვების შემდეგ მოხდა, ამიტომ დაცვა აცხადებს, რომ ადმინსიტრაცია საქმის კურსში არ არის.

30 წლის ფეხმძიმე ქალი მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად დუშეთში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 4 წლის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე დაკეტილი სახლის პირველი სართული იქირავეს და მას შემდეგ უმძიმეს პირობებში უწევდათ ყოფნა. დაკავებული მშობლების მეზობლები ადასტურებენ, რომ ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა და ფეხმძიმე ქალი იძულებული იყო დასუფთავების სამსახურში  მშობიარობამდე ემუშავა.

პაპასკირების ოჯახი ხშირად მეზობლების დახმარების იმედად იყო. მცირეწლოვანი ბავშვისთვის გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ზოგჯერ საკვებიც კი მიჰქონდათ.  მიუხედავად იმისა რომ ბავშვის მშობლები მუშაობდნენ, მიღებული შემოსავალი იმდენად მწირი იყო, რომ თვიდან თვემდე ოჯახის სარჩენად არ ყოფნიდათ.

გაყიდული ჩვილის მამა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პანსიონში, 2 წლის განმავლობაში, სამეურვეო სამსახურში მუშაობდა. თანამშრომლები ამბობენ რომ სამართალდამცავები დუშეთის პანსიონში მოულოდნელად მივიდნენ და ახალგაზრდა კაცი სამსახურიდან წაიყვანეს.

სამივე დაკავებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი