ათობით მოწმე გამოიკითხა, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტები, დაინიშნა უმრავი ექსპერტიზა, თუმცა ამ დრომდე გამოძიებას ახალი არაფერი აქვს. ყველამ მხოლოდ ის იცის, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მდინარეში დაღუპული იპოვეს.
საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელიც ცხედრის გამოკვლევას ესწრებოდა. პირველადი დათვალიერებით, 19 წლის ფეხბურთელს თავის არეში მრავლობითი და მძიმე დაზიანებები აქვს. პირად საუბრებში ახლობლები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს დაზიანებები ახალგაზრდა ფეხბურთელს გარდაცვალებამდე მიაყენეს. ახლა ყველა ექსპერტიზის საბოლოო შედეგს ელოდება, რომელმაც უნდა დაასკვნას, როდის მიიღო გიორგიმ დაზიანებები - გარდაცვალებამდე თუ მის შემდეგ.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ყველა, ვინც იმ წვეულებაზე იყო, სადაც დაპირისპირება დაიწყო. გამოკითხეს ისინიც, ვინც ნახალოვკელების დასახმარებლად, ჩხუბში მონაწილე ბიჭების თხოვნით მცხეთაში თბილისიდან ჩავიდნენ. ეს ორი ავტომობილიც სწორედ მათ ეკუთვნით. "ტოიოტას" ფირმის მანქანის მძღოლსა და მასთან ერთად მყოფ კიდევ რამდენიმე მორაგბესთან, როგორც ჩანს, გამომძიებლებს ბევრი კითხვა აქვთ. ადვოკატიც ადასტურებს, რომ ამ პირებმა ჩამოიყვანეს მცხეთიდან თბილისში გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, საქმის მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშილი.
მიუხედავად იმისა,რომ გამოძიებას საქმეში მონაწილე ყველა პირი გამოკითხული ჰყავს, ჯერჯერობით არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები სავარაუდო დამნაშავისთვის ბრალის წარსადგენად. თუმცა, მიღებული ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქმეს კიდევ ერთი, ძალადობის მუხლი დამატებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში 5 დღის შემდეგ დაადასტურეს, რომ ნაქირავებ სახლში დაწყებული ჩხუბი იმ ადგილას გაგრძელდა, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვლაების საქმე კვლავ ბურუსით არის მოცული. 5 დღე გავიდა, სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით არის აღძრული, ბრალდებული კი არ არსებობს. 19 წლის ფეხბურთელი უკვე სახლშია დასვენებული, ოჯახს კი ერთადერთი მოთხოვნა აქვს - დადგინდეს სიმართლე, თუ როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ბიჭი მდინარეში.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი გუშინ მდინარე არაგვში იპოვეს. დაიწყო დაუსრულებელი გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამ დრომდე არცერთ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ბურუსით მოცული საქმე კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.