ძალადობაში მხილებული ძალოვანი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა - გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ მიიღო.
თეიმურაზ კალანდაძემ ამ თანამდებობაზე ილია კვაღინიძე შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2 წლის განმავლობაში იკავებდა.
შიდა ქართლის პოლიციის ახალი უფროსის სახელი და გვარი ისეთ გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს, როგორიც გაუპატიურების მუქარას, ცემასა და არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.
ის 4 წლის განმავლობაში იკავებდა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტს. 2018 წელს გადაიყვანეს თბილისში გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რა დროსაც ერთ-ერთი კანონიერი ქურდის შვილს სასტიკად სცემეს სამართალდამცველებმა. მომხდარის შემდეგ, ის მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.