
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს - პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას გიორგი ბეროზაშვილი სრულად ეთანხმება.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო და მშობლები დახოცა.
დაკავებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ირკვევა, რომ სასტიკი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მოკლულებსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობა 2019 წელს დაიძაბა. გიორგი ბეროზაშვილს კონფლიქტი ჰქონდა განსაკუთრებით მამასთან. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს უნებართვოდ წაღებული 21 000 ლარის დაბრუნებას სთხოვდა, რაც ბრალდებულმა ტოტალიზატორში დახარჯა.
ბეროზაშვილის მანქანიდან და ავტოფარეხიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონოდ შეძენილი და შენახული იარაღები, ხელყუმბარები, 1 კილოგრამი ოქრო და დიდი ოდენობით თანხა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულს დედის მკვლელობა "არ უნდოდა" და მამის მკვლელობიდან გამომდინარე მძიმე ემოციური ფონის გამო მოკლა დედა.
"ძალიან მძიმე ემოციურმა ფონმა გამოიწვია დედის მიმართ ასეთი ქმედების ჩადენა" ,- ამბობს ის.
ცნობისთვის, ბრალდებული 2019 წლიდან 2022 წლის 7 მარტამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე მუშაობდა. პროკურატურის ცნობით, მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: