
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია პარლამენტს კლანური მმართველობის წინააღმდეგ დადგენილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული და სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია პრობლემის აღიარების გარეშე.
განცხადებაში წერია, რომ აუცილებელია სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები კლანური მმართველობის აღმოფხვრისა და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირებისკენ. დადგენილებას პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი.
ამ დოკუმენტით, რომელსაც პარლამენტს ვთავაზობთ, კენჭისყრისას გამოჩნდება კიდევ ერთხელ, რომ "ქართული ოცნება" არის ამ კლანთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, თუ ის აცნობიერებს, რომ მას აქვს ვალდებულება აღებული პირველი ოქტომბრის, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ადამიანებს ქონდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ეს არის სახელის დარქმევა, რომ სასამართლოში არსებობს კლანური მმართველობა, ანუ იმ ჯგუფის გავლენა, რომელიც დაახლოვდა და პოლიტიკურად გაურიგდა მმართველ პარტიას და რომელიც ცდილობს, სასამართლო აკონტროლოს, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ მრავალი რეფორმის მიუხედავად, სასამართლო სისტემა თვისობრივად ვერ შეიცვალა.
რაც იყო მანკიერი თვისებებით, ძირგამომპალი სისტემა, იგივე სისტემა შეინახა და გაალამაზა "ქართულმა ოცნებამ". უნდა აღიაროს პარლამენტმა სასამართლოში არსებული პრობლემა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემებს და დაგეგმავს ღონისძიებებს სასამართლო სისტემის კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, - ამბობს იგი.