"მთავარი არხის" ინფორმაციით, გამოიკვეთა ახალი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს რამდენიმე ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარდება. ისინი, გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხულები არიან და საბედისწერო წვეულების სტუმრები იყვნენ. მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მოგვიანებით განვითარებულ კონფლიქტში, ადვოკატები აღარ აკონკრეტებენ.
მათი ადვოკატების თქმით, ამ წუთებში რამდენიმე პირის გარეგანი დათვალიერება და ექსპერტიზა ტარდება, რათა გამოირიცხოს რაიმე გაურკვევლობა, რაც შეიძლება გამოძიებას ჰქონდა და გამყარდეს პოზიცია, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. მათ შორის არის ერთერთი ახალგაზრდა იმ ოთხიდან, რომლებიც წვეულებიდან გამოიქცნენ. ასევე საბურთალოზე მცხოვრები ადამიანები, რომელთაც, ადვოკატის თქმით, წვეულებაზე დამსწრე მეგობარმა დაურეკა და წვეულებაზე სიტუაციის განსამუხტად წავიდნენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ მათ წვეულებაზე მისვლა დააგვიანეს და სავარაუდოდ, წვეულებიდან გამოქცეულ ოთხ პირს შეხვდნენ, მათ შორის, თავად გარდაცვლილსა და "ოქროს მოწმეს" გური ამირხანაშვილს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალი მთავარი მოწმე არის პირი, რომელმაც თავი შეაფარა არაგვის პირას მდებარე ერთ-ერთ კოშკს, საიდანაც, შესაძლოა, კარგად დაენახა, რა მოვლენები განვითარდა არაგვის პირას.
დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლაც მტკიცებულებაა, რომ არ დასტურდება, რომ ჩვენ რაიმე ფორმით მივიღეთ ამ კონფლიქტში მონაწილეობა. გავიდნენ კონფლიქტის განსამუხტად და უკვე როცა მივიდნენ, კონფლიქტი შემდგარი იყო. ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთია ფოტოგრაფი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა. ჩემი შეფასებით, იგი ფლობს ინფორმაციას, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
დაკითხვაზე დღეს იმყოფება კიდევ ერთი პირი, რომელსაც, მისი ადვოკატის მტკიცებით, საბურთალოდან წამოსული ადამიანების მიერ მიყენებული დაზიანებები აქვს, კერძოდ, ცხვირისა და თავის არეში.
შემიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ერთი, რომ წვეულებაზე იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ამის მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებთ. ფოტოგრაფის შესახებ, საქმის მასალებიდან არაფერი ვიცი, ამის შესახებ არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ მაქვს ინფორმაცია, - აცხადებს კიდევ ერთი ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
ოჯახის მეგობარი ნიკა ჯაჭვაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიღებული აქვს თავის არეში და დამსხვრეული აქვს ძვლები სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მისი თქმით, სიცოცხლეში აქვს ეს დაზიანებები მიღებული, თუ გარდაცვალების შემდეგ, არ იციან და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
საქმესთან დაკავშირებით დაკითხულია 50-ზე მეტი მოწმე. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.