
ქალი, რომელსაც ბორჯომში ქმარმა დანით 16-მდე ჭრილობა მიაყენა საავადმყოფოში რჩება. ექიმის თქმით, მდგომარეობა სტაბილურია.
ქალს ჭრილობები გულ-მკერდისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.
"პირველ რიცხვში, დღის 13:45 საათზე თვითდინებით შემოვიდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა 16-მდე ჭრილობა გულ-მკერდისა და ზურგის არეში. დღეის მდგომარეობით, სტაბილურად გრძნობს პაციენტი თავს, ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პოსტოპერაციულ განყოფილებაშია მოთავსებული პაციენტი. ფილტვის, გულ-მკერდის არეში ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა, გადასხმა მოხდა სისხლის, დღეს ნორმალურადაა", - ამბობს ექიმი.
პოლიციამ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ცოლის დაჭრის გარდა მან სიდედრს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.