
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 2 წლის წინ გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედრის საძიებო სამუშაოები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
68 წლის ქალის გვამის სავარაუდო ადგილსამყოფლის დასადგენად, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელიც საგანგებოდ ჩამოიყვანეს, სპეციალური გეოფიზიკური დანადგარის მეშვეობით ცდილობდა საეჭვო ველის გამოვლენას. დათვალიერდა 1 ჰა-ზე მეტი ფართობის ტერიტორია. ექსპერტი შალვა მაისურაძე შესაბამის დასკვნას უახლოეს დღეებში დადებს.
მოგვიანებით კი სამართალდამცავებმა ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს და დაახლოებით, 10 მეტრის სიგრძეზე კონკრეტული საეჭვო ადგილი მოთხარეს. ნაპოვნი ამ დროისათვის არაფერია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სამუშაო, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება. შეგახსენებთ, 2020 წელს გაუჩინარებული ქალის გვამის სამძებრო სამუშაოებში ექსპერტები უკვე მეორე დღეა ჩაერთნენ. პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც შალაურში მცხოვრებმა ფსიქიკურად არამდგრადმა ქალმა მეგობარს უამბო, როგორ შეიყვანა სახლში წინა დღეს დაკარგული ასაკიანი ბედმანიკაშვილი. ის სამი დღით დაატყვევა და შემდეგ, გარდაცვლილი, საკუთარ ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.
გამოკითხულია საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი. გამოძიება ამ ეტაპზე 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ია გულიაშვილი.