
თერმორეგულაციის მოშლა, ცხელება და მაღალი არტერიული წნევა - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობას ყოველდღიურად ახალი სიმპტომები ემატება, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრეგაძის უწყება მას ექიმებისგან იზოლაციაში ამყოფებს.
ციხის საკანში გუშინ არ შეუშვეს ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმებიც. მედიკოსები პაციენტის ნახვას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა რუსთავის ციხიდან ისე წამოვიდნენ, რომ ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე - რატომ არ ეძლევათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვლევები ჩაუტარონ.
"ის დიაგნოზები, რომელიც დასმული იყო ბატონი პრეზიდენტისთვის დაახლოებით ხუთი თვის წინ, ისინი მძიმდება და სხვადასხვა ახალ გამოვლინებებს იძენენ, რასაც პროცესის შეუქცევადობისკენ მივყავართ. გუშინდელი ახალი სიმპტომები, რაც ბატონმა გვარამიამ გაავრცელა - თერმორეგულაციის მოშლა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ტვინის სტრუქტურები დაინტერესებული არიან პროცესში და ღრმად არიან ჩართული. ეს ცუდია. მოსალოდნელია, რომ მომავალში ახალი სიმტპომების გაჩენის მაგივრად, არსებული კიდევ უფრო დამძიმდეს. დამძიმდეს ნიშნავს იმას, რომ წნევამ დაიწყოს მეტი მერყეობა, ტემპერატურამ დაიწყოს მერყეობა, ოფლიანობა, ღებინება გაძლიერდება და შესაძლებელია ცნობიერების დონის შეცვლაც", - თქვა ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ.
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა ასევე ექიმმა ლალი ჯავაშვილმა. კოლეგების მსგავსად, ისიც ამბობს, რომ პაციენტს დაუყოვნებლივ ესაჭიროება გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
"გაჩნდა სრულიად ახალი სიმპტომატიკა. ეს გახლავთ სითბოს, სიცხის შეგრძნების დაქვეითება. ასევე, ის რომ ის წყალსაც ვეღარ სვამს, ამის გამო კიდევ უფრო მეტად არის დაუძლურებული. მას ფეხზე დგომა დიდი ხანია უკვე აღარ შეუძლია, არის მწოლიარე მდგომარეობაში და მხოლოდ და მხოლოდ საკაცით ან ეტლით შეუძლია გადაადგილება. პაციენტი მძიმდება, ხდება კიდევ უფრო მეტად ურგენტული თერაპიის ობიექტი და რაც მალე გადავიყვანთ კლინიკაში და დავიწყებთ თერაპიას, მის მეტად შევინარჩუნებთ მის სიცოცხლეს", - თქვა ლალი ჯავაშვილმა.
ამავე თემაზე: