დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ ​​პენიტენციურს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდება დაავალოს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის პროცესი იწყება. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, პროცესზე შუამდგომლობას დააყენებენ, რითაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ, სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდება დაავალოს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც, ისევე როგორ წინაზე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასამართლომ დაავალოს პენიტენციურ სამსახურს სათანადო ზომების მიღება. ამ სათანადო ზომებში ბუნებრივია ვგულისხმობ იმ სამედიცინო სერვისებს, რომელთა მიხეილ სააკაშვილისთვის გაწევა ექიმთა დასკვნების შესაბამისად, არის აუცილებელი. ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ წერილობით ექიმთა მოსაზრებებს, რეკომენდაციას და სწორედ ამ რეკომენდაციების მხედველობაში მიღებას მოვითხოვთ. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმედი გვაქვს, არ შეგვექმნება პრობლემა ამ შუამდგომლობების განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვექნება წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის თანხმობა იმაზე, რომ მისი მონაწილეობის გარეშე იქნას ეს შუამდგომლობა განხილული. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. წინა ჯერზე ცდილობდა, ზოგადი მითითება მიეცა პენიტენციური სამსახურისთვის. ჩვენთვის ეს აღქმული იყო როგორც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა", - ამბობს ადვოკატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი