რუს სანქცირებულ ოლიგარქთან დაკავშირებულ „ბილაინს“ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს

გამოქვეყნდა:

სანქცირებულ ოლიგარქთან დაკავშირებულ "ბილაინს" ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს - ამის შესახებ ვკითხულობთ გამოცემა "ნეტგაზეთის" სტატიაში. გამოცემის ცნობით, კომუნიკაციების კომისიამ მწვანე შუქი აუნთო „ბილაინის“, იგივე "ვიონი საქართველოს" გაყიდვას და მის 100%-იან წილს ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს.

რეესტრის მონაცემებით, ამჟამად „ვიონი საქართველოს“ ორი მფლობელი ჰყავს. კერძოდ:

  • წილების 71% ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ Watertrail Industries-ს;
  • წილების 29% ეკუთვნის იქვე რეგისტრირებულ Investico Alliance-ს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციის თანახმად, ამ ორ კომპანიას ფლობს „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“, – რომელიც კორპორაცია Veon-ის ნაწილია. Veon ცნობიალია, როგორც ნიდერლანდებში დაფუძნებული კორპორაცია.

ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია. 

5 მაისს კომუნიკაციის კომისიის სხდომაზე დადასტურდა, - და გამოცემა „ნეტგაზეთს“ ხვიჩა მაქაცარიას კომპანიაშიც დაუდასტურეს, - რომ ქართველი ბიზნესმენი „ვიონი საქართველოს“ 100%-იანი წილის შესყიდვას გეგმავს.

უფრო ზუსტად, ხვიჩა მაქაცარია გეგმავს, „ვიონი საქართველოს“ მფლობელი ორივე კომპანიის, Watertrail Industries-ისა და Investico Alliance-ის 100-100%-იანი წილები შეისყიდოს.

აღსანიშნავია, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი, რომელიც „ვიონი ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელია, საქართველოში ასევე ფლობს კომპანია „ბორჯომს“, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარმოება შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი