"გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, რომელიც შეიძლება არ ენახოს დღემდე საქართველოს. არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის", - გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 19 წლის ბიჭის ბიძა ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. დამოუკიდებელმა სპეციალისტმა უნდა დაადგინოს, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ფეხბურთელი. ზედაპირული დათვალიერებით ცნობილი ხდება, რომ გიორგი შაქარიშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დამტვრეული აქვს ძვლებიც.
სამხარაულის საექსპერტო ბიუროში დღეს თითქმის ყველა ის პირი მიიყვანეს, ვინც სავარაუდოდ ტრაგიკული ამბის მონაწილე იყო. გამოძიებამ ყველა მათგანი ექსპერტიზაზე დაიბარა. პირველად კამერების წინ გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც გარეგანი დაზიანებები აქვთ. როდის და სად დაშავდნენ, ამას სპეციალისტები დაადგენენ.
წვეულებიდან ოთხი პირი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით წამოვიდა. ოთხივე მათგანი უკვე ცნობილია. ერთ-ერთი დაღუპული გიორგი შაქარაშვილია. მეორე - მათი მეგობარია, რომელსაც ცხვირი და შუბლი გატეხილი აქვს. ადვოკატის განცხადებით, მას დაზიანებები არაგვის პირას ხიდზე ორმა ადამიანმა რკინის ხელკეტებით მიაყენა. თავდამსხმელები, სავარაუდოდ ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა საშველად თბილისიდან დაიბარა.
მესამე ოქროს მოწმე, გუკა ამირხანაშვილია, რომელიც დღეს ექსპერტიზაზე ნათესავებთან ერთად მივიდა. გარდაცვლილის მეგობარმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ოჯახის წევრებს კი ბევრი არაფერი უთქვამთ.
დღეს საქმის კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე მთავარი მოწმე გამოიკვეთა, რომელიც გარდაცვლილსა და კიდევ ორ პირთან ერთად არაგვის პირას იმყოფებოდა. "მთავარის" ინფორმაციით, მან მდინარის პირას მდგარ შენობას მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც არაგვის ნაპირთან ბიჭებს მანქანა დაეწია და ერთ-ერთ დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფოტოგრაფმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს, რადგან ის დანაშაულს მაღალი შენობიდან უყურებდა.
სავარაუდო თავდამსხმელები ნახალოვკელი მორაგებეები იყვნენ. დღეს ორი მათგანი ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. სპორტსმენები თბილისიდან მცხეთაში მეგობრის დასახმარებლად ჩავიდნენ და სავარაუდოდ, სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ახალგაზრდებს არაგვის პირას. სამხარაულის საექსპერტო ბიურო მათ ისე დატოვეს, რომ მედიასთან არ უსაუბრიათ.
ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროში დღეს დაბარებული ჰყავდათ ყველა, ვისაც კი გარდაცვლილ ფეხბურთელთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა. მთელი დღის განმავლობაში, მცხეთის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს ყველა სავარაუდო მოწმის დაკითხვა. დღეს ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმის მეექვსე დღეა, დაკითხულია ათეულობით მოწმე, დაწყებულია ექსპერიზებიც. თუმცა პასუხი მაინც არ არსებობს - რა მოხდა მცხეთაში საბედისწერო ღამეს.