60 წამში გაძარცული საიუველირო მაღაზია - ძვირადღირებული ნაკეთობები არასრულწლოვანთა ყაჩაღური დაჯგუფების ახალი სამიზნეა. ქვებით და ჩაქუჩებით შეიარაღებულმა მოზარდებმა მაღაზიის დახლები ოქროს და ბრილიანტის ნაკეთობებისგან იმდენად სწრაფად და ორგანიზებულად დაცალეს, რომ პოლიციამ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე მაღაზიასთან მისვლაც ვერ მოასწრო.
ჩაქუჩებით და ქვებით შეიარაღებული 4 არასრულწლოვანი საიუველირო მაღაზიაში დილის 5:12 წუთზე შეიჭრა. თბილისის ცენტრალურ გამზირზე, სათვალთვალო კამერებით და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი მაღაზიის გასაძარცვად მათ ზუსტად 1 წუთი დასჭირდათ. "მთავარი არხის" მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ კრიმინალური ჯგუფი, ჯერ ქვებით ვიტრაჟს ამსხვრევს შემდეგ კი, წინასწარ მომზადებული ჩაქუჩებით მაღაზიის ნაწრთობი მინის ვიტრინებს ამტვრევენ და ძვირფასეულობა მიაქვთ.
მაღაზია "რედბერიდან" წაღებულია ოქრო, ვერცხლი და ბრილიანტები. ზარალი ათი ათასობით ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს 60 წამში მომხდარი ძარცვის ფაქტი არ გაუხსნია. ვიდეო ჩანაწერების მიუხედავად პოლიციამ ჯერ ვერც თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიტრინების გატეხვა და ძვირადღირებული ნივთების მოპარვის ათობით შემთხვევა მოხდა. მაღაზია "გრანდ ტექნიკსი" 6-ჯერ გაქურდეს. წაიღეს რამდენიმე ათას ლარად ღირებული ტელეფონები. ძვირადღირებული ტექნიკა რამდენჯერმე მოიპარეს "აიპლიუსიდანაც". მაღაზიების მფლობელები იძულებულები არიან თანამედროვე შუშის ვიტრინების ნაცვლად 90-იანების რკინის გისოსებით დაიცვან ქონება.