
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, მ.ბ.-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა.
დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.