"საკორპორაციო-სამართლებრივი და მით უფრო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია" | ომბუდსმენის განცხადება ნიკა გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოცემულ საქმეში ნიკა გვარამიას ​საკორპორაციო-სამართლებრივი ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია.

ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ მოსაზრება, რომელიც სასამართლოს ამ საქმეზე 2019 წლის 4 ნოემბერს გაეგზავნა, მოსამართლეს დაეხმარება სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

"2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიუთითებს, რომ ამ საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.

ამრიგად, საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი