
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს "რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს, 10:00 საათზე გამოაცხადებს. დაცვის მხარეს წინასწარ მოლოდინებზე საუბარი უჭირს.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს სასამართლო სხდომის დარბაზში უბრალოდ გაჟღერდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილი პირადი გადაწყვეტილება და არავითარ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება. არ ვიცი რა შინაარსი იქნება ამ გადაწყვეტილებას, ყველა შემთხვევაში ის იქნება ნაკარნახევი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე", - ამბობს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისი განცხადებით, საქმე სრულიად უსაფუძვლოა.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.