
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ექს-პრემიერის და მისი პრესსპიკერის განცხადება გამოცემა PRnewswire.com-ზე გამოქვეყნდა და ის შვეიცარიის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ივანიშვილის პრეტენზიებს შეეხება.
განცხადებაში ივანიშვილის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ შვეიცარიული სასამართლოს მიერ Credit Suisse-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად საბანკო სამართალს თავდაყირა აყენებს და ის ძირითად სამართლებრივ პრინციპებს უგულებელყოფს.
საუბარია განაჩენზე, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ი უფლებამოსილია ივანიშვილს დაუბრუნოს ის $130 მილიონი დოლარი, რომელიც 2018 წლის განაჩენით იყო განსაზღვრული, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ბანკი "მესამე მხარეებთან" არსებული დავებით ამ თანხებს ბოლომდე დაიბრუნებს; ივანიშვილი კი აცხადებს, რომ თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება არ შეიძლება ეფუძნებოდეს "პირობითობას" და მისი გადახდა სრულად ბანკის პასუხისმგებლობა უნდა იყოს.