
საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე იოსებ გოგიაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ი.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით კ.მ.-ს და ბ.მ.-ს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანების შედეგად კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
ი.გ.-მ სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 მაისს სოფელ აკურაში გოგიაშვილმა სანადირო თოფით 46 წლის კახა მჭედლიშვილი მოკლა, მისი ძმა და დედა კი დაჭრა. ასევე, ტყვია შემთხვევით მოხვდა სავარაუდო დამნაშავის შვილსაც.